logo
ENG



"9 ნაბიჯი სამართლიანობისკენ" - სააკაშვილი წინასაარჩევნოდ გეგმას აქვეყნებს

09 სექ 202013:08
3 წუთის საკითხავი
 
b0qlmd1hgyjrif1.jpg

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი Facebook-ზე პროგრამულ გეგმას აქვეყნებს, რომელიც, მისი თქმით, სამართლიანობისთვის გადადგმული ნაბიჯი იქნება.

თუ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს, მიხეილ სააკაშვილი საზოგადოებას ჰპირდება, რომ პოლიცია დეპოლიტიზებული იქნება.

"პოლიცია მხოლოდ ლოgისტიკურ ბმაში იქნება შსს-თან, ხოლო მისი ხელმძღვანელი შსს მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება", - წერს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების სამინისტროსგან იუსტიციის სამინისტროს გამოყოფასაც გეგმავს. მისი თქმით, სასჯელაღსრულების სამსახური მხოლოდ ლოგისტიკურად მიებმევა იუსტიციის სამინისტროს, ხოლო მისი ხელმძღვანელი მინისტრისგან დამოუკიდებელი იქნება.

გეგმების ჩამონათვალში სუს-ის გაუქმებაც შედის, რადგან, მისი განცხადებით, სახელმწიფო უწყებების პოლიტიკური ნიშნით გამოყენებასთან მიმართებაში მცირე კითხვის ნიშნებიც არ უნდა არსებობდეს.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრემიერობის კანდიდატი წერს, რომ ე.წ. მოსმენის გასაღები დამოუკიდებელ სასამართლოს უნდა გადაეცეს და სახალხო დამცველს ამ ფუნქციის განხორციელებაზე სრული და შეუზღუდავი მონიტორინგის ფუნქცია უნდა მიენიჭოს.

სააკაშვილი ასევე ამბობს, რომ სასამართლო რეფორმის ჩავარდნას განიცდის.

"გულწრფელად ვთქვათ, ჭკუის სასწავლებელი, მწარე გაკვეთილი მივიღეთ - ჩვენ მიერ შერჩეულმა მართულმა მოსამართლეებმა ჩვენივე პოლიტიკური დევნა დაიწყეს," - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი.

ენმ-ის პრემიერობის კანდიდატი სასამართლო რეფორმის საკითხსაც განიხილავს.

"სასამართლო რეფორმა უნდა ჩატარდეს ფართო პოლიტიკური კონსენსუსით, არა მხოლოდ მმართველი ძალის, უბრალოდ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ. ამ პროცესში გათვალისწინებულ უნდა იქნეს ის შეთანხმებები, რომლებსაც პოლიტიკურ პარტიებთან საჯარო და გამჭვირვალე განხილვების შედეგად მივაღწიეთ - მათ შორის, უცხოელი მოსამართლეები განმწესდება ზედა ინსტანციებში, მოსამართლეთა არჩევითობა, კომერციული დავებისთვის ცალკე სისტემის შექმნა, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს კომპეტენციის გაფართოება, იუსტიციის საბჭოს რეფორმა, საკუთრების უფლების განუხრელი დაცვა და სხვა", - წერს მიხეილ სააკაშვილი. 


close დახურვა